გზა სწავლიდან დასაქმებამდე
დავით გოგალაძე და ვალერი კურტანიძე კოლეჯი „ქართლის“ პროფესიული მომზადების პროგრამის – „ზოგადი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები“ #წარმატებული_კურსდამთავრებულები და ნათელი მაგალითები არიან იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიული განათლება გახდეს უმოკლესი გზა სტაბილური დასაქმებისკენ და კარიერული წინსვლის საწინდარი:
ვალერიმ ჩვენს კოლეჯში სწავლის პერიოდში მოიპოვა კოლეჯის #პარტნიორის – სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” #სტიპენდია, რაც მისთვის კიდევ ერთი სტიმული გახდა განვითარებისა და მიზანმიმართული შრომისათვის. სწავლის დასრულებისთანავე, მან სწორედ ამ კომპანიაში #დაიწყო_მუშაობა.
დავით გოგალაძე ამჟამად #სტაჟირებას გადის “ენერგო-პრო ჯორჯიაში” და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ისიც #შეუერთდება_კომპანიის გუნდს.
ორივე მათგანისთვის კოლეჯში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და შეძენილი პროფესიული უნარები უმნიშვნელოვანესი საფუძველი აღმოჩნდა რეალურ სამუშაო გარემოში #სწრაფი_ინტეგრაციისთვის.
გთავაზობთ #ინტერვიუს ჩვენს კურსდამთავრებულებთან:
რატომ გადაწყვიტეთ კოლეჯ „ქართლში“ სწავლა და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ელექტრო სამონტაჟო მიმართულება?

– ვალერი კურტანიძე: ზოგადად, განვითარებადი და მომავლის პროფესიაა – ენერგეტიკის გარეშე თანამედროვე სამყაროს არსებობა წარმოუდგენელია. შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა და საკუთარი რესურსის გათვალისწინება იყო ის მოტივაცია, რამაც განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.
– დავით გოგალაძე: ახალი პროფესიის შესწავლა მქონდა გადაწყვეტილი. რადგან ელექტროობის საქმე მაინტერესებდა, პროფესიული კოლეჯი “ქართლი” ჩვენს ქალაქში გაიხსნა და ზუსტად ამ მიმართულებით გამოცხადდა მიღება, აღარც დავფიქრებულვარ – #ზოგადი_ელექტრო_სამონტაჟო_სამუშაოების პროგრამაზე დავრეგისტრირდი. მოთხოვნაც დიდია ამ დარგის სპეციალისტებზე – ფაქტობრივად, ხაშურში ცოტაა.
ვალერი, როგორ აისახა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სტიპენდია შენს პროფესიულ განვითარებაზე და რა გზა გაიარე კოლეჯიდან დღევანდელ სამუშაო გამოცდილებამდე?

– ძალიან დიდი სტიმული იყო ეს სტიპენდია. მომეცა შესაძლებლობა ჯერ სტაჟირება გამევლო და შემდეგ მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კოლეჯში მიღებული გამოცდილება: ჩვენი მასწავლებლის – ბატონი პაატა ბარბაქაძისგან #პროფესინალიზმი რა არის გავიგე და შესაბამისი მოტივაციაც მივიღე, სტიპენდიამ კი – კიდევ ერთხელ დამანახა, რომ სწორ გზაზე ვიდექი.
დავით, ამჟამად “ენერგო-პრო ჯორჯიაში” სტაჟირებას გადიხართ. რა უნარები და გამოცდილება დაგეხმარა ამ შესაძლებლობის მიღებაში?
– სტაჟირება ჩემი პროფესიული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტაჟირება რეალურ გარემოში მეხმარება უკეთ გავიაზრო ყველაფერი, რასაც კოლეჯში ვსწავლობდით. უკვე ვგრძნობ თუ როგორ ვვითარდები ყოველდღიურად და მოუთმენლად ველოდები გამოცდებს, რომ სამუშაოს სრულფასოვნად შევუდგე.
რა იყო თქვენთვის კოლეჯში სწავლისას ყველაზე ღირებული?
– ვალერი: შევიძინე ახალი მეგობრები, #მენტორი_მასწავლებელი, რომელმაც შეგვაყვარა ახალი პროფესია და სტიმული მოგვცა. ბატონმა პაატამ დაინახა ჩემი მონდომება და შრომისმოყვარეობა, ესეც იყო მოტივაცია იმისა, რომ არც ერთი ლექცია არ გამიცდენია. მისი #რეკომენდაციით მოვხვდი „ენერგო-პრო ჯორჯიაში“. ძალიან მიხარია, რომ კოლეჯში დაწყებული მასწავლებლისა და მსმენელის ურთიერთობა პროფესიულ და სამეგობრო ფორმატშიც გრძელდება.
– დავითი: პირველ რიგში, ცოდნა და გამოცდილება, რაც სამი თვის განმავლობაში მივიღეთ და დღეს უკვე, პრაქტიკაში ვახორციელებთ – #სასწავლო_გარემო და #პროგრამა თემატურად საუკეთესოდ პასუხობდა მოთხოვნებს. ღირებული იყო ჩემთვის ასევე კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ სასწავლო პროცესის #ორგანიზება მსმენელთა ინტერესებზე ორიენტირებით.
როგორ ხედავთ თქვენს განვითარებას ამ სფეროში უახლოეს წლებშიც და რა მიზნები გაქვთ, როგორც ახალგაზრდა პროფესიონალებს?
– დავითი: ძალიან მიხარია, რომ კოლეჯის დამთავრების შემდეგ, უკვე მომეცა რეალური დასაქმების შესაძლებლობა. თუმცა, სამომავლოდ, არ გამოვრიცხავ თუნდაც ჩემი საქმის წამოწყებას. ვნახოთ, ყველაფერი წინაა.
– ვალერი: ამ სფეროში ვაპრებ განვითარებას, ძალიან საინტერესოა. პრაქტიკულმა შეხებამ მაჩვენა, რომ ისეთი რამის სწავლაა შესაძლებელი, რაც შეიძლება ლიტერატურაში არც იყოს.
დავითისა და ვალერის #წარმატების_მაგალითები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფესიული განათლების მნიშვნელობას და იმ შესაძლებლობებს, რასაც ის დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს. მათი ისტორია სტიმულია ყველასათვის, ვინც ფიქრობს ტექნიკურ პროფესიებში განვითარებაზე და სურს გახდეს შრომის ბაზრის #კონკურენტუნარიანი წევრი.
29.05.2025