როგორი იყო გზა შეგირდობიდან ოსტატობამდე

#პროფესიულ_განათლებას საქართველოში დიდი #ტრადიცია აქვს. არაერთი #ხელობა, რომელიც დღეს პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება, საქართველოს შორეული წარსულიდან იღებს სათავეს.

ძველად საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხელობის ცოდნას. სწორედ ამ მიზნით მშობლები რომელიმე #ოსტატს თავიანთ შვილებს მცირე ასაკშივე აბარებდნენ, მომავალში რომ მათ თავის რჩენა შესძლებოდათ და როგორც ხშირად ამბობდნენ, „კაცი გამოსულიყო“. მშობლების მიმართვა ოსტატებისადმი ასე ჟღერდა:

„ძვალი ჩემი, ხორცი შენი – გამიზარდე შვილი, ოსტატო!..“

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შეგირდები არა მხოლოდ მატერიალურად გაჭირვებული, არამედ მდიდარი ოჯახის შვილებიც იყვნენ. მდიდარი მამები წინდახედულებას იჩენდნენ და შვილებს ოსტატს იმ მიზნით აბარებდნენ, რომ შესწავლილი ხელობა ცხოვრებისეული ძნელბედობის ჟამს თავის გასატანად გამოეყენებინათ.

ძველად მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანებას #ამქარი ეწოდებოდა. „ჰამქარ“ სპარსული სიტყვაა და თანამოსაქმეობას ნიშნავს. ეს ტერმინი საქართველოში XVIII საუკუნის ბოლოდან დამკვიდრდა და „ამქარმა“ სიტყვები „ასნაფი“ და „თაბუნი“ ჩაანაცვლა.

აღმოსავლეთის მაჰმადიანურ ქალაქებში ამქრული ორგანიზაციები ჯერ კიდევ VIII საუკუნეში არსებობდა. ასეთივე ორგანიზაციები IX საუკუნიდან ბიზანტიის ქალაქებშიც ფუნქციონირებდა. მართალია, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ამ საკითხზე არავითარ ცნობებს არ გვაწვდის, მაგრამ ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ამქრული ორგანიზაციები ამავე პერიოდში წარმოიშვა.

ხელოსნების თითოეულ დარგს საკუთარი ამქარი ჰყავდა. თითოეულ ამქარს ხელმძღვანელობდა #უსტაბაში. ამქრებს თბილისში ცალ-ცალკე ქმნიდნენ: ხუროები, მეპურეები, ზეინკლები და ა.შ. სხვადასხვა დარგის ხელოსნებს ცალ-ცალკე ქუჩები ეკავათ. XIX საუკუნის პირველი წლების შესახებ კლაპროტი წერდა: „თბილისის ბაზარზე სხვადასხვა დარგის ხელოსნებია. ერთი ქუჩა მხოლოდ მეფეხსაცმელეებს უჭირავთ, მეორე – მექუდეებს, მჭედლებს, ზეინკლებს, ოქრომჭედლებს, იარაღის მკეთებლებს. ყველანი აქ მუშაობენ ყველას თვალწინ“. ამ ორგანიზაციაში შესვლა განურჩევლად წოდებისა ყველას შეეძლო.

დროშა და წესდება ყველა ამქარს თავისი დროშა ჰქონდა, რომელზეც გამოსახული იყო ფირი, ანუ გერბი, ემბლემა. ეს ფირი წარმოადგენდა ამქრის სიმბოლოს. თითოეულ ამქარს თავისი მფარველი წმინდანი ჰყავდა. მაგალითად, ხარაზების დროშაზე გამოსახული იყო ელია (ილია წინასწარმეტყველი), დაბაღებისაზე – ღვთისმშობელი, სირაჯებისაზე – ნოეს კიდობანი და სხვა. ხუროებმა, ხარაზებმა და დურგლებმა თავიანთ დროშას შემდეგ მტრედიც მიუმატეს.

ამქრის უმეტესმა ნაწილმა „წიგნი არ იცოდა“. წერა-კითხვის უცოდინარ ხელოსნებს საკუთარი ნიშნები ჰქონდათ, რომლებითაც საკუთარ „ბუღალტერიას“ აწარმოებდნენ და ჯვარედინი, სწორი, მრუდე ხაზითა და სხვა ნიშნებით მანეთებსა და თუმნიანებს აღნიშნავდნენ. თითოეულ ამქარს საკუთარი წესდება ჰქონდა, სადაც მკაცრად იყო დაცული კოლეგიალობა, რაც იმას გულისხმობდა, რომ ამქრის წევრი ხელს არ ახლებდა მეგობრის მიერ დაწყებულ სამუშაოს. მაგალითად, ერთი თერძის მიერ დახაზულ და დაჭრილ ახალუხს მეორე არ შეკერავდა და ა.შ. ასევე აკრძალული იყო შეგირდისა და ქარგლის გადაბირება. ამქრის წევრების მოვალეობას შეადგენდა გარდაცვლილი მეგობრის დაკრძალვაც, … ქვრივ-ობოლთა მოვლა-პატრონობაც, რომელსაც ისინი ყოველთვის ასრულებდნენ.

#შეგირდი

ოსტატთან მიბარებული შეგირდი, ვიდრე ქარგალი გახდებოდა, თავისი ხელობის გარდა, სხვა საქმესაც ასრულებდა: უფროს ოსტატს ხელზე ემსახურებოდა, დუქანს გვიდა, სახლიდან დუქანში სადილს ეზიდებოდა და ა.შ. შეგირდს ჯამაგირს არ უხდიდნენ. ოსტატი მას მხოლოდ პურს, ანუ სადილს აჭმევდა და ხშირ შემთხვევაში მის ჩაცმა-დახურვაზეც ზრუნავდა. როცა შეგირდი ხელობას შეისწავლიდა, წლიური ხელფასი ენიშნებოდა.

ხელობის შესასწავლად დრო დათქმული არ იყო, მაგრამ ჩვეულებრივ, შეგირდი თავის ხელობას 5-6 წელიწადში ეუფლებოდა, რაც, რა თქმა უნდა, დამოკიდებული იყო მის ნიჭიერებასა და ხელობის სირთულეზე. შეგირდების მიბარების ასაკი მკაცრად განსაზღვრული არ იყო. მიბარება ძირითადად 8-13 წლის ასაკში ხდებოდა…

#ქარგალი

რაც შეეხება შეგირდობის მეორე საფეხურს, ანუ ქარგლობას, ის „აღსაზრდელს“ ხელოსნის ხარისხის მიღებამდე უნდა გაევლო. ქარგლის სახელის მინიჭებისას ოფიციალური ცერემონია იმართებოდა. ხელოსანი ექსპერტად იწვევდა უსტაბაშს, აღსაჰკალს, იგითბაშს და ამქრის რამდენიმე საპატიო წევრს. ისინი შეგირდის ნახელავს ამოწმებდნენ და შესაბამისი დასკვნა გამოჰქონდათ. თუ ნახელავს მოიწონებდნენ, შეგირდს ქარგლის ხარისხი ეძლეოდა, თუ არა და, ის კვლავ შეგირდად რჩებოდა მანამ, სანამ ნამუშევრებს საუკეთესოდ არ შეასრულებდა.

ქარგალი შეგირდისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ უფლება ჰქონდა, რომელ ხელოსანთანაც მოისურვებდა, იმასთან ემუშავა. შეგირდი კი იმ ხელოსანთან უნდა დარჩენილიყო, ვისთანაც მშობლები მიაბარებდნენ. ქარგალი შეზღუდული იყო ერთ რამეში: არ შეეძლო, ხელოსნის დუქნის გარეშე, დამოუკიდებლად ემუშავა ან ხელოსნის დაუკითხავად შეკვეთები მიეღო. როგორც კი ხელოსანი სრულუფლებიანი ოსტატი ხდებოდა, მაშინ ისიც ასევე ექცეოდა თავის ხელქვეითებს, შეგირდებსა და ქარგლებს.

#ხელოსნად_დალოცვა

ხელოსნად დალოცვა კი ასე ხდებოდა: წელიწადში ერთხელ, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში, ამქართა სადღესასწაულო დღეები იმართებოდა. ერთი დარგის ხელოსნები სახელოსნოსთან იკრიბებოდნენ, აიღებდნენ ხელში დროშას და ზურნის თანხლებით წინასწარ დათქმული ბაღისკენ მიემართებოდნენ. დასალოცად გამზადებულნი, ამქრის წევრებს წინ მიუძღოდნენ და წელზე აბრეშუმის სარტყელი ერტყათ, სადაც ამაგრებული ჰქონდათ თავიანთი ხელსაწყო-იარაღები: ხარაზებს – მუშტა, დურგლებს – თარაზო, ოქრომჭედლებს – სიმქაში და სხვა. დალოცვის შემდეგ ეს სარტყელი უსტაბაშს გადაეცემოდა. ბაღში მისულნი ქეიფს იწყებდნენ… ირგვლივ სანთლები ენთო, რომლებიც ძირამდე უნდა ჩამწვარიყო.

ასეთ ვითარებაში ხდებოდა #ახალგაზრდა ქარგლის ხელოსნად დალოცვა, რომელიც მანამდე ნამდვილ ოსტატად და ამქრის სრულფასოვან წევრად არ ითვლებოდა. „დალოცვას“ მღვდელიც ესწრებოდა, რომელიც ხელოსანს ზნეობრივ დარიგებასა და სხვადასხვა რჩევას აძლევდა. საბოლოოდ ქარგალს ხელოსნის „ატესტატს“ უსტაბაში „გადასცემდა“. სამჯერ შემოკრული სილა უკვე ხელოსნის წოდებას აღნიშნავდა. სილის შემორტყმას თავისი წესები ჰქონდა. სილა უსტაბაშსა და ქარგალს შორის უმცროს-უფროსობის უკანასკნელ მიჯნას აღნიშნავდა. უსტაბაში ხელოსანს ერთი ხელით ორივე ხელის ცერს უჭერდა და სილას ისე ურტყამდა – ჯერ მარჯვენა და მერე მარცხენა ლოყაზე, მესამედ ისევ მარჯვენა ლოყაზე, და უკანასკ ნელი სილა ყველაზე მაგარი უნდა ყოფილიყო. სილის შემოკვრას წინ უძღოდა „დალოცვა“:

„ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი. ღმერთმა, როცა ყველა სულდგმული გააჩინა, შრომითა და რუდუნებით ისაზრდოვეთო… ღმერთმა გაშოროთ შური და სიბოროტე თქვენი ხელქვეითებისადმი… რას ემგვანებოდა წუთისოფელი, რომ ყველა კარგ ხელოსანს სიკვდილთან ერთად, თავისი ცოდნაც თან წაეღო?.. ღვთის შემწეობით ჩვენ შევიძინეთ ის ცოდნა, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. ყოველი ჩვენგანი ვალდებულია, სხვას გადასცეს ის, რაც თვითონ იცის“…

დალოცვის უკანასკნელი სიტყვები კი ასეთი იყო:

„..და შენ, მორჩილო და ნამუსიანო შეგირდო! დღეის შემდეგ ატარებ ხელოსნის სახელს და გეძლევა უფლება, შენის #ხელობით_იარსებო. თვით სოლომონ ბრძენი, წინასწარმეტყველები, მოციქულები და ყველა წმინდანები ჰქადაგებენ, რომ ადამიანმა მხოლოდ პატიოსანი შრომით უნდა იცხოვროსო… იყავ #გულმართალი და #პატიოსანი, ეცადე, შენი შვილებიც ამ გზით წარმართო. პატიოსანი #შრომა შეასწავლე შენს შეგირდებსაც და ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გექცევით, რათა საიქიოს იესო ქრისტეს წინაშე პირნათლად წარდგე და განკითხვის დღეს თავისუფლად აღიარო: ღმერთო, აი, მოვედით ჩვენ ჩვენი შეგირდებით, რომლებმაც ნამუსიანად გავატარეთ ჩვენი ცხოვრების დღენი. ღმერთო! გაგვიღე სამოთხის კარი“.

ყოველივე ამის შემდეგ ახალ ოსტატს უფლება ჰქონდა, ცალკე #სახელოსნო_გაეხსნა და საამისოდ ამქრის სალაროში სათანადო შესატანი – „გასაღები“ უნდა შეეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ლოცვაში ჟღერდა სიტყვები „ღმერთმა გაშოროთ შური და მტრობა თქვენი ხელქვეითებისადმი“, არცთუ ისე იშვიათად შეგირდსა და ოსტატს შორის სხვადასხვაგვარი შუღლი მაინც ჩნდებოდა. ეს კი ძირითადად მოსწავლის მიერ მასწავლებელზე უკეთ შესრულებული ნამუშევრის გამო ხდებოდა…

…ტრადიციულ ოსტატ-შეგირდობასთან ერთად, მე-19 საუკუნეში, ქართველ განმანათლებელთა მესვეურობით, სხვადასხვა მიმართულების #სახელობო და #სამეურნეო_სასწავლებლებს ჩაეყარა საფუძველი. ამ სახელობო სასწავლებლების კურსდამთავრებულობა #პროფესიონალიზმის უმაღლეს დონეს ნიშნავდა. მსხვილი საწარმოების გაჩენასთან ერთად პირველი #საფაბრიკო#საქარხნო_სკოლები შეიქმნა, რომელთა ბაზაზე დღესაც მოქმედებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

„საჭიროა ისეთის სკოლების დაარსება, რომელშიაც ასწავლიან ჩვენ შვილებს, როგორ და რანაირად შეიძლება მცირე შრომით დიდის ნაყოფის მიღება. ამისთანა სკოლებში ნასწავლები ისე ბარგად აღარ ეკიდებიან ოჯახს, როგორც სხვა სკოლებში სწავლადამთავრებული. მე უნივერსიტეტელი გახლავართ და ხვალ რომ სამსახურიდან გამოვიდე, მშიერი მოვკვდები, იმიტომ, რომ ჩინოვნიკობა მისწავლია და სხვა არაფერი. ჩემთვის რომ მიწის დამუშავება ესწავლებინათ, ჩინოვნიკადაც გამოვდგებოდი და უჩინოვნიკობოდაც მშიერი არ ვიქნებოდი… მე ამ აზრისა ვარ, რომ სამეურნეო სკოლას უფრო მეტის სარგებლის მოტანა შეუძლიან…“ (ილია ჭავჭავაძე, 1883)

თითქოს ილია ჭავჭავაძის ეს მოწოდება დაედო საფუძვლად მისი გიმნაზიელი მეგობრის, ილია წინამძღვრიშვილის განზრახვას. 1883 წლის 4 სექტემბერს, მისი დიდი ძალისხმევითა და მოწინავე ქართველი ინტელიგენციის მხარდაჭერითა და დახმარებით, #წინამძღვრიანთკარში გაიხსნა საქართველოში #პირველი_სასოფლო_სამეურნეო_სკოლა.

სკოლაში სწავლა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი წესდებით და ნიკო ცხვედაძის მიერ შემუშავებული პროგრამებით მიმდინარეობდა. სკოლაში ისწავლებოდა: მიწათმოქმედება, მებაღეობა, მევენახეობა, მეღვინეობა, მებოსტნეობა, მეაბრეშუმეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა და მეტყევეობა.

ილია ამ სკოლას #ქართული_ეროვნული_საწყისების_აკვანს უწოდებდა. პროგრამა, რომელიც იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ცხვედაძის მიერ იყო შედგენილი, #პრაქტიკულ_განათლებას ეფუძნებოდა. მოსწავლეები თეორიულ განათლებასაც იღებდნენ და პრაქტიკული მეცადინეობის ორ ან ზოგჯერ სამწლიან კურსსაც გადიოდნენ. ამას წინ უძღოდა ქართული ენის ზედმიწევნით სწავლა. აღსანიშნავია, რომ ილია წინამძღვრიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ #საერთაშორისო_გამოცდილება გაეზიარებინა. სკოლას ჰქონდა ორგვარი წიგნთსაცავი მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის, სამჭედლო-სახელოსნოები თანამედროვე მანქანა-იარაღებით, ფერმა, ოთახი, სადაც ზამთრობით სხვადასხვა ჯიშის მცენარეს ზრდიდნენ, საფუტკრე, მუზეუმი, ღვინის სარდაფი, სადაც საფრანგეთიდან ჩამოტანილი ღვინის საწური დღესაც ასრულებს თავის დანიშნულებას. სკოლის ტერიტორიაზე ილიამ ააგო ქვის ეკლესია, რომელიც მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა…

წყარო: ჟურნალი “პროფესიული განათლება” #1, 2021